ვიზიტორები

воскресенье, 7 апреля 2013 г.



გულთამხილავის მსჯავრი

 

                      ღმერთის წინაშე ორი ადამიანი წარსდგა.
                     უცვლელი სახე უფალმა მათ მიაპყრო და გულთამხილავი თვალებით დააცქერდა.
                     ---იცოდით ნება ჩემი?
                         ვიცოდი, უფალო! წამიკითხავს დაბადება,შემისწავლია წმიდა სახარება,სამოციქულო, წმიდა მამათა ცხოვრება, ზეპირად ვიცი საგალობელნი და ლოცვები,---მოახსენა ერთმა
                       მეორე დუმდა.
                  ----შენ?---დაეკითხა მდუმარეს ღმერთი
                  ----არ ვიცი,არ წამიკითხავს..
                  ---შეასრულეთ ნება ჩემი?
                  ---გზითა მართლითა ვიდოდი,საპყართა განვიკითხავდი,მიყვარდა ძმა ჩემი,ვითარცა თავი ჩემი, შენ მხოლოდ ერთსა თაყვანსა გცემდი----მიუგო პირველმა.
                   მეორე დუმდა.
                  ----შენ?---დაეკითხა მდუმარეს ღმერთი
                  ----არ მახსოვს, უფალო,და მგონია,არც ყოფილა ასეთი რამ.
                  ----შეასრულე ათი მცნება?---განაგრძო უფალმა დაკითხვა,თუმცა ყოველივე იცოდა უზენაესმა.
                 ----დიახ უფალო! არც ერთი არ დამირღვევია!---მიუგო პირველმა
                 ----მეორე ისევ დუმდა.
                 ----შენ?
                 -----რა?
                 ----მოგიკლავს ადამიანი?
                 ----არა! ორფეხა ცხოველი ადამიანს რომ უძახიან, ის კი.
                 ---გითქვამს ტყუილი?
                 ---ტყუილი არა! უხეშ სინამდვილეს რომ აფერადებდა და ლამაზ ოცნებად ხდიდა, ისეთი კი...ბევრი.
                 ---გიმრუშიათ?
                 ---არა! სატრფოსთან ერთარსებით კი გარდავქმნილვარ, და ერთმანეთის ცეცხლის ალში დავმწვარვართ!
                 ----გიგმია ღმერთი?
                 ----არა! ის ძალა კი,ადამიანს რომ უკუღმართ  გზაზე დააყენებს, ის კი ხშირათ.
                 ----თაყვანს სცემდი, ჩემს გარდა, სხვა ღმერთს?
                 ---ერთ ღმერთს თაყვანსა ვცემდი- ღმერთს სიყვარულისას,იმედისას,მშვენიერებისას.
                  ყველა დადუმდა.
                ---რა გსურთ ახლა?---დაარღვია ღმერთმა სიჩუმე.
                ---განსვენება ადგილსა ყვავილოვანსა!---სიჩქარით უპასუხა პირველმა.
                 მეორე  სდუმდა.
                ---შენ?
                 ნუ მათქმევინებ---გარისხდები უფალო!
                ---მოგენიჭოს!---ბრძანა უფალმა და გულთამხილავის უცვლელმა, მკაცრმა სახემ ნისლი გადაყარა.
                მდუმარე ადამიანის წინ გაჩნდა მომღიმარე,ვარდებით შემკული,ლამაზი ქალწული.მას ნექტარით სავსე პატარა თასი ეჭირა ხელში. შორიდან კი ისმოდა ქნარის ხმა.
               ---მე რაღა, უფალო?---შეეკითხა პირველი ადამიანი ღმერთს.
              ---შენ ჯერ არ გიცხოვრია.შენ ჩემს არტახანში იყავ გაკრული. პირადად შენ რისი მოქმედი ხარ, არ ვიცი. იქნებ ყოვლად ცუდი და საზიზღარი იყო და როგორ დაგაჯილდოვო? წადი ისევ ქვეყნად.
               

                      
                                                                         ნ.ლორთქიფანიძე

Комментариев нет:

Отправить комментарий